ხელოვნური ინტელექტი ციფრული მარკეტინგის ახალი რეალობაა. Meta, Google და სხვა სარეკლამო პლატფორმები AI-ს უკვე აქტიურად იყენებენ აუდიტორიის შერჩევის, ბიუჯეტის გადანაწილების, კრეატივების შექმნისა და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის.
ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია: თქვენ განსაზღვრავთ მიზანს, ბიუჯეტს, ამზადებთ კრეატივს, დანარჩენზე კი ალგორითმი ზრუნავს და ცდილობს იპოვოს ის მომხმარებელი, რომელიც სასურველ მოქმედებას შეასრულებს.
მაგრამ რაც უფრო მეტ საქმეს ვანდობთ ხელოვნურ ინტელექტს, მით უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ არა მხოლოდ მისი შესაძლებლობები, არამედ შეზღუდვებიც.
როგორ ეხმარება AI თქვენს ბიზნესს?
მონაცემების სწრაფი ანალიზი
ადამიანისთვის შეუძლებელია ათასობით სიგნალის ერთდროულად დამუშავება. AI კი აანალიზებს მომხმარებლის ქცევას, ინტერაქციებსა და სხვა მონაცემებს, რისი დახმარებითაც განსაზღვრავს, ვის, როდის და სად აჩვენოს რეკლამა უკეთესი შედეგის მისაღებად.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კამპანია დიდ აუდიტორიაზე მუშაობს და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაა საჭირო.
შესაბამისი აუდიტორიის მოძიება
თანამედროვე სარეკლამო სისტემები მხოლოდ ხელით მითითებულ ინტერესებს აღარ ეყრდნობა. AI მომხმარებლის ქცევასა და სხვადასხვა სიგნალს აანალიზებს და ცდილობს რეკლამა იმ ადამიანებს აჩვენოს, რომლებიც უფრო მეტად არიან მზად თქვენთვის სასურველი მოქმედებისთვის, იქნება ეს პროდუქტის შეძენა, რეგისტრაცია, თუ შეტყობინების გაგზავნა.
მეტი შესაძლებლობა კრეატივების შესაქმნელად
AI მნიშვნელოვნად ამარტივებს ტექსტის სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობას, ვიზუალური იდეების მოფიქრებასა და სურათების სხვადასხვა ფორმატზე მორგებას.
შედეგად, შეგიძლიათ ნაკლებ დროში მოამზადოთ რამდენიმე განსხვავებული კრეატივი, გამოცადოთ სხვადასხვა მიდგომა და მონაცემების მიხედვით ნახოთ, რომელ მათგანზე რეაგირებს აუდიტორია უკეთ.
დროის დაზოგვა
AI მარკეტერს განმეორებადი და დროის წამღები სამუშაოს ნაწილს უმსუბუქებს. შესაბამისად, მეტი დრო რჩება იმ საკითხებისთვის, რომლებიც რეალურად საჭიროებს ადამიანის ჩართულობას: სტრატეგიის დაგეგმვა, შედეგების გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
სად იწყება პრობლემები?
AI ძლიერი ინსტრუმენტია, მაგრამ მისი შესაძლებლობების გადაფასება ბიზნესს შეიძლება ძვირი დაუჯდეს.
ალგორითმს შეუძლია დიდი რაოდენობის მონაცემის დამუშავება, თუმცა მან არ იცის თქვენი ბიზნესის რეალური გამოწვევები, მომხმარებლის მოტივაცია და ის, თუ რატომ უნდა აგირჩიოთ კონკურენტის ნაცვლად.
თუ საწყისი სტრატეგია არასწორია, AI მას ავტომატურად ვერ გამოასწორებს. სისტემა იმუშავებს იმ მიზნების, მონაცემებისა და სიგნალების მიხედვით, რომლებიც მას მიაწოდეთ.
AI მონაცემებს მიჰყვება
AI კარგ შედეგს მხოლოდ მაშინ მოგცემთ, როცა გამართულ და ზუსტ მონაცემებზე მუშაობს. თუ Pixel, Conversion API ან GA4 ხარვეზებით ფუნქციონირებს, სისტემა სრულად ვერ ხედავს მომხმარებლის რეალურ ქცევას ვერ ადგენს ზუსტად, ვინ ყიდულობს, რომელი რეკლამა ან კრეატივი მუშაობს და საიდან მოდის შედეგი.
ასეთ დროს სარეკლამო ბიუჯეტი შეიძლება იხარჯებოდეს, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შედეგი კი ვერ მიიღოთ.
სწორედ ამიტომ, სანამ AI-სგან უკეთეს ოპტიმიზაციას მოელით, მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი მონაცემების შეგროვებისა და ანალიტიკის სისტემა გამართულად მუშაობს.
ბევრი კლიკი ყოველთვის კარგ შედეგს არ ნიშნავს
ათასობით კლიკი, ვიდეოს ნახვა ან მაღალი ჩართულობა შეიძლება შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ავტომატურად გაყიდვებს არ ნიშნავს.
თუ კამპანია კლიკებზეა ოპტიმიზებული, სისტემა ეცდება იპოვოს ადამიანები, რომლებიც რეკლამაზე უფრო ხშირად გადადიან. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სწორედ ეს ადამიანები არიან თქვენი რეალური მყიდველები.
ამიტომ კამპანიის დაწყებამდე ერთ-ერთი მთავარი საკითხია სწორედ განსაზღვროთ, რა შედეგის მიღება გსურთ რეალურად.
როცა ყველა კრეატივი ერთმანეთს ჰგავს
AI-ს რამდენიმე წამში შეუძლია შემოგთავაზოთ ტექსტი, ვიზუალი ან ახალი იდეა. მაგრამ თუ ყველა ბიზნესი ერთსა და იმავე ინსტრუმენტებს მსგავსი დავალებებით იყენებს, შედეგიც ხშირად ერთმანეთს ემსგავსება.
ბრენდის გამორჩეული ხასიათი მხოლოდ ლამაზი დიზაინი არ არის , მას სჭირდება საკუთარი ხმა, იდეა, ემოცია და კომუნიკაციის სტილი, რომ მომხმარებელმა სხვა ბრენდებისგან ნამდვილად გამოარჩიოს.
ამიტომ AI შეიძლება იყოს კარგი დამხმარე კრეატივის შექმნის პროცესში, მაგრამ ბრენდის ხასიათის განსაზღვრა მხოლოდ მას არ უნდა მიანდოთ.
AI-ის პასუხი ყოველთვის სწორი არ არის
გენერაციულ AI-ს შეუძლია არასწორი ან არაზუსტი ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებლად წარმოადგინოს. ზოგჯერ ტექსტი იმდენად ბუნებრივად ჟღერს, რომ შეცდომის შემჩნევა გადამოწმების გარეშე რთულია.
ამიტომ AI-ის მიერ შექმნილი ტექსტი, ანალიზი თუ რეკომენდაცია საბოლოო პასუხად არ უნდა მიიღოთ. გადაამოწმეთ ფაქტები, მონაცემები და განსაკუთრებით ის ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელთან კომუნიკაციაში ან ბიზნესგადაწყვეტილების მისაღებად იყენებთ.
მომხმარებელი მხოლოდ მონაცემი არ არის
სარეკლამო ალგორითმი იმ მონაცემებსა და სიგნალებზე მუშაობს, რომელთა დანახვაც შეუძლია. რეალურ ცხოვრებაში კი მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე ბევრად მეტი ფაქტორი მოქმედებს: ფასი, ნდობა, ბრენდის რეპუტაცია, შეთავაზება, მომსახურების ხარისხი, კონკურენტების აქტივობა და მომხმარებლის წინა გამოცდილება. ეს ყველაფერი საბოლოო გადაწყვეტილების ნაწილია.
ამიტომ Ads Manager-ში კარგი მაჩვენებლები ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბიზნესიც კარგ შედეგს იღებს.
შეიძლება გქონდეთ ბევრი კლიკი, დაბალი CPC და მაღალი ჩართულობა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი საბოლოოდ მოთხოვნებში ან გაყიდვებში არ გადაიზარდა, მხოლოდ კარგი სარეკლამო მაჩვენებლები საკმარისი არ არის.
AI არ ცვლის მარკეტერს, ის ცვლის სამუშაო პროცესს
ხელოვნური ინტელექტი მარკეტერის კონკურენტი არ არის. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც მისგან სტრატეგიის, გამოცდილებისა და ადამიანური გადაწყვეტილებების სრულად ჩანაცვლებს ველოდებით.
AI დაგეხმარებათ მონაცემების დამუშავებაში, იდეების შექმნაში, სხვადასხვა ვარიანტის გამოცდასა და კამპანიების მართვის გარკვეული პროცესების გამარტივებაში.
მაგრამ მთავარი კითხვები ისევ თქვენ უნდა დასვათ:
- რას ყიდით?
- ვის სჭირდება თქვენი პროდუქტი ან მომსახურება?
- რატომ უნდა აგირჩიოთ მომხმარებელმა კონკურენტის ნაცვლად?
- რამდენად ძლიერია თქვენი შეთავაზება?
- როგორ გაზომავთ რეალურ ბიზნესშედეგს?
